ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში დატრიალებულ ტრაგედიას მისი სამი ნათესავი შეეწირა – გალიდან ზუგდიდში მდინარით გადმოსვლა ოთხმა კაცმა სცადა. ოთხივე იდენტიფიცირებულია. ისინი გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. მაშველებმა ჯერ სამი ცხედარი ამოიტანეს წყლიდან, მეოთხე კი მოგვიანებით. დაღუპულთაგან სამი ერთი ოჯახის წევრია – ცოლ-ქმარი მაყვალა გამისონია და ჯონი გვალია, მათი რძალი, 34 წლის თამუნა ცატავა და მეგზური, 62 წლის თამაზ ბასლანძე.
როდესაც ენგურის კაშხლიდან წყალს უშვებენ, სმს-ები მოგვდის. 5 აპრილს დილის სამ საათზე გამოუშვეს კაშხლიდან წყალი და რადგან გვიან იყო, მესიჯები არ მოგვსვლია.
წყლის ნაკადმა იმ საბრალოებს დილის 5 საათზე მოუსწრო. მდინარის ახლოს დაუტოვებიათ ავტომანქანა და ფეხით წასულან, რადგან ამ დროს ეფ-ეს-ბეს სამხედროები და აფხაზი მესაზღვრეები არ პატრულირებენ, ამიტომ მდინარეზე გადასასვლელად ამ დროს ვარჩევთ ხოლმე.
თამუნას მცირეწლოვანი შვილი დარჩა, თურმე სახლში დარბის და გიჟივით ეძებს დედას. მაყვალასა და ჯონის სამი შვილი ჰყავთ, უფროსი გოგონა სკოლადამთავრებულია, დანარჩენები მოსწავლეები არიან. ერთ მხიარულ ეზოში ახლა ოთხი ობოლი ცხოვრობს.
ჩვენი ხალხი ხომ შეჩვეულია ბეწვის ხიდზე სიარულს, ოღონდ ის ხანდახან ჩაწყდება ხოლმე. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა ძმამ დავაპირეთ გადმოპარვა. ბიძაშვილი დაგვეღუპა და ქუთაისში უნდა წავსულიყავით. თითქმის სამშვიდობოს ვიყავით, როდესაც რუსი სამხედროს შეძახილი გავიგონე: “სტოი!” იმდენად ახლოს იყო, იარაღის გადატენის ხმაც მოგვესმა. გავიქეცით. მხოლოდ ის დავინახე, რომ ორნი იყვნენ, ერთი გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთეს და შემდეგ სტვენის ხმა გავიგონე. აზრი არა აქვსო, მითხრა ჩემმა ძმამ და ხელები ასწია. მე სირბილი გავაგრძელე. მივხვდი, რომ დაგეშილი ძაღლები მოგვისიეს. ახლაც არ ვიცი, როგორ გადავრჩი, ენგური დაბალ კალაპოტში მოედინებოდა, გამოვტოპე და როგორღაც სხვებს შევუერთდი. ისინიც სასწაულით გადაურჩნენ რუსის ტყვიას და ძაღლებს. მაშინ ჩანთა დავკარგე. მინდორში რომ დამვარდნოდა, იპოვიდნენ და საბუთებით მომაგნებდნენ, ალბათ, მდინარეში ჩამივარდა და ამით გადავრჩი. 5 დღეს ვეძებდით ჩემს ძმას, სოხუმის იზოლატორში გადაუყვანიათ, “საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით” გაასამართლეს, მაგრამ ფული გადავიხადეთ და გამოუშვეს.
გააჩნია, ვინ შეგხვდება, ვისი ცვლაა. მათ ფულს ვუხდით, რუსი და აფხაზი ე.წ. მესაზღვრეები ერთი კაცისგან 20 ლარს იღებენ”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” გალის მკვიდრმა ნანამ.
წყარო: კვირის პალიტრა