– დაახლოებით სამი-ოთხი წელია შევამჩნიე, რომ შეიცვალა, დღედაღამ ტელეფონი ეჭირა ხელში და ხანდახან აფთარს ემსგავსებოდა. მანამდე სახლში რომ ვრეკავდი, ბავშვები მეუბნებოდნენ, დედა ჯერ არ მოსულაო, მას კი ტელეფონი ძალიან ხშირად ჰქონდა გამორთული.
– მიზეზს არ ეკითხებოდით?

– კერძო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა და მეუბნებოდა, ტელეფონს ხმა რომ არ გავუთიშო, შენიშვნას მომცემენო, დაგვიანებაზეც ჰქონდა პასუხი – ბავშვებს კერძოდ ვამეცადინებ, რომ დამატებითი შემოსავალი გვქონდესო. გადამოწმება არც მიფიქრია, რადგან მეგონა, ოჯახზე ზრუნავდა. მეც კერძო უწყებაში­ დაცვის უფროსი ვარ და სახლიდან სულ გასული ვიყავი. მეუღლემ დედამისს სთხოვა­ ბავშვებისთვის ყურადღება მიექცია და ისიც სამსახურის მერე ჩვენთან გამორბოდა­. ერთხელ მორიდებით მთხოვა,­ ეტყობა, საფულე ამომივარდა, გზის ფულს ხომ არ მომცემთო. მეგონა, მისი ქალიშვილი გამოიჩენდა ინიციატივას, მაგრამ ერთი თეთრიც არა მაქვსო, უთხრა. გამიკვირდა, მაგრამ მაშინვე მიპასუხა, ლატარიას ვთამაშობთ და ფული დავდეო.

 

– არ გიფიქრიათ, რომ თამაშობდა?
– არა, ისიც კი დავუშვი, რომ მღალატობდა, ვინმე ხომ არა ჰყავს, ვისაც თავად ეხმარება ან ის აშანტაჟებს-მეთქი და თანამშრომელს მისთვის თვალყურის დევნება­ დავავალე, მაგრამ ვერც ის მიხვდა ვერაფერს – სულ სამსახურშია და ბავშვებს დამატებით ამეცადინებს, საეჭვო არაფერი­ შემიმჩნევია, რაღაც გელანდებაო. არადა, ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი ცოლი არ იყო – უაზროდ ყვიროდა, ზოგჯერ ბავშვებს სცემდა, ხან სამივეს წაიყვანდა საყიდლებზე და უამრავ რამეს უყიდდა, საჩუქრები ჩემთანაც მოჰქონდა – დღეს გამიმართლაო, იტყოდა. როდესაც ვეკითხებოდი, რას ნიშნავს გაგიმართლა-მეთქი, ბოლო დროს სამსახურში კრიზისია და ხელფასებს ნაწილ-ნაწილ გვირიცხავენ, მაგრამ დღეს სრულად ავიღეო. თურმე თამაშობდა და ის დღეები­ იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც იგებდა, ოღონდ სად, არ ვიცი…

რამდენჯერმე მომატყუა, საფულე დავკარგე, მგონი, სავაჭრო ცენტრის სალაროსთან დამრჩაო. როდესაც­ ვეტყოდი, დავურეკავ და დაცვა კამერის ჩანაწერებს ამოიღებს-მეთქი, მაშინვე იუარებდა,­ არა ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად იქ დამრჩაო… თავისი და შვილების მობილური ტელეფონები რამდენჯერმე “დაკარგა”­ და რაც მთავარია, ბავშვებს ეჩხუბებოდა, დაუდევარი ხართო. ერთ დღესაც ეჭვი გამიჩნდა, რატომ მაინცდამაინც მაშინ კარგავდნენ ბავშვები მობილურს, როდესაც სკოლიდან დედას მოჰყავდა. მალე ჩემს საფულეში დაიწყო ფულმა “გაქრობა”. ერთხელ თანამშრომლების ხელფასები ამომაცალა და ბანკიდან სესხის აღება­ მომიხდა. რაც დრო გადიოდა, ისეთი ტყუილები ისწავლა, მისგან წარმოუდგენელი მეგონა.

– მაგალითად?
– მომატყუა, რომ ქალური პრობლემები ჰქონდა და სამკურნალოდ 400 ლარი სჭირდებოდა. ვხვდებოდი, მატყუებდა, მაგრამ მაინც არ მომითმინა გულმა,­ ვაითუ მართლა ცუდად­ არის-მეთქი. ცოტა ხანში მისმა მეგობარმა დამირეკა, – ანამ რამდენიმე თვის წინ 500 ლარი გამომართვა და აღარ მიბრუნებს. აქამდეც არაერთხელ გამოურთმევია ფული, ნაწილ-ნაწილ, მაგრამ როგორღაც მიბრუნებდა,­ ახლა კი მეუბნება, არა მაქვს და რა მოგცეო.

გაბრაზებულმა სამსახურში მივაკითხე. არ დამხვდა. სკოლის მენეჯერმა მითხრა, ეს ბოლო გაფრთხილებაა, თუ თქვენი მეუღლე თამაშს არ შეწყვეტს, სამსახურს დაკარგავს,­ აქ ყველას ვალი აქვს და საინტერესოა, რით უნდა გაისტუმროსო…

– მეუღლემ რა გიპასუხათ ამ ყველაფერზე?­ – ისტერიკა გამართა, ჩემი შურთ და ტყუილს მიგონებენო, რამდენი ხანია მენეჯერის მოადგილეს ჩემს ადგილზე თავისი ახლობლის მოყვანა უნდა და ცდილობს უფროსთან ურთიერთობა გამიფუჭოსო. უკვე არ მჯეროდა მისი, მაგრამ იმის დაჯერებაც მიჭირდა, რომ ეს ერთ დროს უჭკვიანესი, კარგი ცოლი და დედა ისე გამოშტერდა, რომ ონლაინთამაშებზე დამოკიდებული გახდა. ერთხელაც ახლობელმა დამირეკა, შენი ცოლის სახელზე უამრავი სწრაფი სესხია გაფორმებული და თუ არ მიხედავ, პრობლემები შეგექმნებაო. ამას თავის გასამართლებელი კიდევ ერთი “დრამა” მოჰყვა – სისხლში რაღაც ვირუსი მაქვს, არ მინდოდა­ შენთვის თქმა, ანალიზებისთვის მჭირდებოდა ფულიო. ჩემი სამი შვილის დედა მეუბნებოდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემებს იმიტომ მიმალავდა, თურმე ეშინოდა არ მიმეტოვებინა. – დაუჯერეთ? – არა, ვთხოვე, ერთად მოვაგვაროთ პრობლემები, სანამ გვიან არ არის-მეთქი. უამრავ მაგალითზე ვუყვებოდი, როგორ დაიღუპნენ თამაშის გამო, როგორ დაკარგეს­ ყველაფერი, როგორ დაასრულეს­ სიცოცხლე თვითმკვლელობით… რობოტივით უემოციოდ მისმენდა და ხმას არ იღებდა. ეს არ იყო ის ქალი, ვინც მე მიყვარდა.­ ერთხელაც მისი ოჯახი დავიბარე, დედამისი ცუდად გახდა, ძმამ და რძალმა კი მით­ხრეს, ჩვენი ვალიც აქვს, გვეუბნებოდა, თითქოს შენ გქონდა სამსახურში პრობლემები და რომ არ ეჩივლათ, ვიღაცისთვის დიდი ფულის გადახდამ მოგვიწიაო. – ვიცი, რომ სახლიდან წავიდა… – დიახ, ერთხელაც აღარ დაბრუნდა. არც მესიჯი, არც ზარი… ბავ­შვები ისტერიკაში იყვნენ. ვერაფრით ვიჯე­რებდი, რომ სამი შვილი დატოვა და გაიქცა… უფროსი გოგონა მეხუთეკლასელი იყო და უკვე ყველაფერი ესმოდა. მეგონა, თავი მოიკლა და უკვე ისე ვიყავი განწყობილი, არ ვიცოდი, მწყენოდა თუ ჩვეულებრივ ამბად მიმეღო. სამი დღის შემდეგ მომწერა, ახლობელთან ვარ სოფელში, ამ დღეებში უცხოეთში მივდივარ და იქიდან გამოვგზავნი ფულს ვალების გასასტუმრებლად, მაგრამ მე და შენ ცოლ-ქმარი აღარასდროს ვიქნებით, მოგვიანებით შვილებს წავიყვანო. კიდევ აქეთ მემართლებოდა, თითქოს ვიღაცამ ტვინი შეუცვალა. სხვა ადამიანი იყო, სრულიად უცხო. კისერი გიტეხია-მეთქი. მერე დედამისმა დამირეკა, ბავშვებს ჩემთან წამოვიყვანო, მათი მოვლა მიჭირდა და უარი არ მითქვამს. მერე გავიგე, რამდენიმე თვე არსადაც არ წასულა, საქართველოში იყო, დედამისი ცდილობდა შვილები ენახვებინა, ატირებულმა მითხრა, ბავშვების დანახვაც კი არ უნდაო. ძმა გამწარებული ეძებდა, მაგრამ ემალებოდა. მევალეები მას რომ ვერ პოულობდნენ, სახლში მოდიოდნენ, მეც ყველას პირდაპირ ვეუბნებოდი, რაც გინდათ, წაიღეთ, მას ვერც მე ვპოულობ, ჯანდაბაში წავიდა-მეთქი. ბოლოს, იძულებული გავხდი ბინა დამეგირავებინა, მაგრამ საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. უდედოდ დარჩენილი ბავშვები მობუზული და გასაცოდავებული მეჩვენებოდნენ. ბებიამისთან რომ ვაკითხავდი, კარს უკან იჭვრიტებოდნენ, დედიკოც აქ არის და გვემალებაო… ერთხელ, უკვე თურქეთში იყო, ბავშვს პნევმონია დაემართა. საავადმყოფოში გადაყვანა დაგვჭირდა. მაღალი სიცხე ჰქონდა, ბოდავდა და დედას ეძახდა. ბებიამისმა ვიდეო გადაუღო და სოციალური ქსელით ქალიშვილს გადაუგზავნა. მალე მისი დაქალიც მოვიდა საავადმყოფოში და ახლა იმან დაურეკა, მესმოდა, რომ უთხრა, ნინუცას მაღალი სიცხე აქვს და შენ გკითხულობსო. ჰო, ვიციო, უპასუხა გულგრილად და ტელეფონი გაუთიშა… გაოგნებული ვიდექით. 6 წლის არის ნინუცა და დღემდე დაძინებამდე დედის ფოტოს იხუტებს. ამ წლების განმავლობაში იმდენჯერ მოგვატყუა, მაგრამ მაინც მზად ვიყავი, თუ დაბრუნდებოდა, მიმეღო, რადგან შვილებს დედა სჭირდებოდათ და ისიც მეცოდებოდა შვილების გარეშე, მაგრამ ამ სიტყვებმა დამარწმუნა, რომ უკვე როგორც ადამიანი აღარ არსებობს. – დაბრუნებას აპირებს? – არ ვიცი… თურქეთს იმიტომ შეაფარა თავი, რომ იქ აზარტული თამაშები აკრძალულია, მაგრამ არ მჯერა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ იმავეს არ დაუბრუნდება. დედამისმა მითხრა, თითქოს მე საკმარისი თანხა არ შემქონდა ოჯახში და დამატებითი ფულის შოვნის იმედით დაიწყო­ თამაში. რაზე უნდა ველაპარაკო ქალს, რომელიც ამბობს, რომ ონლაინთამაშებით მოგების იმედი ჰქონდა?!

წყარო : kvirispalitra.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here