დღეს სრულიად საქართველო შეძრა ახალგაზრდა მომღერლის, ლევან კბილაშვილის გარდაცვალებამ. ლევანი ფართო საზოგადოებამ წლების წინ, 2011 წელს სატელევიზიო მუსიკალური კონკურსიდან, “ჯეოსტარი” გაიცნო. მაშინ ლევანი მარიტა როხვაძესთან ერთად ფინალშიც გავიდა, თუმცა გამარჯვება მარიტას ხვდა წილად. ლევანი აქტიურად მონაწილეობდა როგორც ქართულ ასევე უცხოურ პროექტებში.
რა გახდა 31 წლის მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით ზუსტი პასუხი ცნობილი არ არის. AMBEBI.GE ლევანის მეგობრებს ესაუბრა:
დათო ლონდარიძე, მუსიკოსი, გიტარისტი:
– ლევანის ძალიან ახლო მეგობარი ვიყავი და არა მარტო მეგობარი, პროფესიული კუთხითაც ერთმანეთის თანამოაზრეები გახლდით… ბოლო პერიოდში მენჯზე ჰქონდა პრობლემა… კოვიდი რამდენჯერმე გადაიტანა. ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, მითხრა – კოვიდმა ძალიან ცუდი რაღაც დამიტოვაო – მენჯის ძვლის შლა ჰქონდა. ოპერაცია იყო გასაკეთებელი, ჯოხითაც დადიოდა და იმპლანტაციას საჭიროებდა. ტკივილი ხან უნელდებოდა, ხან უმატებდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ ოპერაციამდე ვერ მივიდა. კონცერტებით იყო დატვირთული, რაც ხელს უშლიდა და ეს ეტაპი ასე გაეწელა.